ია გოგუძე

ია გოგუძე

"შეზღუდული შესაძლებლობები მხოლოდ სტერეოტიპია" ამბობს ია გოგუაძე, რომელიც 15 წელია უსინათლოა, პროფესიული კოლეჯის დიპლომით კი დღეს ყველაზე პრესტიჟულ სასტუმრო ქსელში მუშაობს. როგორც თავად ამბობს, ამაში განსაკუთრებული წვლილი ქობულეთში მდებარე პროფესიულ კოლეჯ "ახალ ტალღას" მიუძღვის, სადაც ხმოვანი კომპიუტერის კურსი და ქოლცენტრის ოპერატორის ორთვიანი სწავლება ერთდროულად გაირა, დღეს კი სასტუმრო "ჰილტონის" მიმღებში აღნიშნულ თანამდებობას საკმაოდ სოლიდური ანაზღაურების ფასად იკავებს.

ია გოგუძე ამობობს, რომ "შეზღუდული შესაძლებლობები ბარიერი აღარ არის, მთავარი კი მონდომება, შრომა და შესაბამისი განათლებაა. სწორედ ეს მიგნება უბიძგებს მას, პირადი გამოცდილება სხვა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს გაუზიაროს. როგორც რესპონდენტი EDU.ARIS.GE-ს უმხელს, თავდაპირველად დახმარებისთვის განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრს მიმართა. სწორედ ამ პლატფორმის წყალობით აღმოჩნდა 3 თვის წინ კოლეჯ "ახალი ტალღას" ბათუმის ფილიალში, სადაც ერთთვიანი თეორიული კურსის გავლის შემდეგ, კოლეჯმა, ანაზღაურებად პრაქტიკაზე ბათუმში, სასტუმრო "ჰილტონში" მიავლინა.

"დიდი ხნის განმავლობაში მინდოდა შემესწავლა კომპიუტერული ხმოვანი პროგრამა უსინათლოებისთვის, მაგრამ საშუალება არ მქონდა. ამის გარეშე კი ცოტა რთულია სამსახურის პოვნა. ასე უფრო თავდაჯერებული ხარ, მით უმეტეს, როცა უცხო ენაც იცი და ამ ყველაფერმა ხელი შემიწყო. თავიდან მივედი სოციალურ სააგენტოში, ჩემი მონაცემები შეიყვანეს ბაზაში იმის შესახებ, რომ სწავლა და დასაქმება მსურდა. მოგვიანებით დამიკავშირდნენ და შემომთავაზეს კურსები საზოგადოებრივ კოლეჯში, ბათუმის ფილიალში. სწავლება უფასო იყო და პრაქტიკაზე რომ გამომიშვეს ამისთვის თანხაც ჩამირიცხეს. შემდეგ ჩემი ცხოვრება მთლიანად შეიცვალა, სხვა დღის რეჟიმი მაქვს. ისეთი უნარები აღმომაჩნდა, რომლების შესახებ თავადაც არ ვიცოდი – ოპერატიულობა, კომუნიკაბელურობა, ენების ცოდნა, რომელიც მეგონა მივიწყებული მქონდა გავიხსენე. აქ ყველამ ძალიან კარგად მიმიღო, ოჯახური გარემოა და ამ ყველაფერში დიდი წვლილი მიუძღვის პროფესიულ კოლეჯს "ახალი ტალღა", – გვიყვება ია.

ახლა უკვე ქოლცენტრის ოპერატორი, პროფესიული კოლეჯის უპირატესობებზეც საუბრობს და განსაკუთრებით გამოარჩევს, სწავლების სპეციფიკურობას, რამაც დიდწილად განსაზღვრა იას სწრაფი დასაქმება.

"დიდი ცოდნა მივიღე ამ კოლეჯისგან. ძალიან კარგი გარემოა, კარგი პედაგოგები ჰყავთ. გარდა იმისა, რომ მე თვითონ ძალიან მონდომებული ვიყავი ამ კომპიუტერული პროგრამის ასათვისებლად, მიდგომაც ძალიან კარგი ჰქონდათ. ინდივიდუალურად ვსწავლობდი, მხოლოდ მე და ჩემი პედაგოგი. სწავლა სექტემბრის ბოლოს დავასრულე, 4 ოქტომბერს მოვედი ჰილტონში პრაქტიკებზე, 1-ლ ნოემბერს კი შტატში ჩამსვეს".

ზუსტად ერთი თვის წინ მისი ცხოვრება სრულიად შეიცვალა. ამბობს, რომ უკვე პირადი მძღოლი ჰყავს, რომელიც კვირაში ხუთი დღე დილის 11:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე სახლიდან სამსახურში გადაადგილებაში ეხმარება. ახალი მეგობრებიც გაიჩინა და როგორც თავად აღნიშნავს, თავს უკვე საყიდლებზე სიარულის უფლებასაც აძლევს:

"ჰილტონი აძლევს ადამიანებს საშუალებას, რომ უფრო განვითარდნენ და უფრო პერსპექტიულები იყვნენ, აქ კიდევ არიას დასაქმებული სამი შშმ პირი და ამით ჰილტონი ერთ–ერთი მოწინავე ბრენდია. კარგი იქება, სხვა კომპანიებმაც მიბაძონ. აქ ადამიანი თვითრეალიზებას ახდენს და თავს საზოგადოებაში საჭიროდ გრძნობს. მიხარია, რომ უფრო დამოუკიდებელი ვარ და მაქვს შესაძლებლობა ბევრი რაღაცის უფლება მივცე საკუთარ თავს. მაგალითად საყიდლებზე სიარულის, ოჯახზე დახმარების", – ამბობს ია გოგუაძე.